უფასო სკრინინგ-აქციები სამედიცინო პერსონალისთვის

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

აჭარის რეგიონში ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით უფასო სკრინინგ-აქციები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მობილურმა სამედიცინო ჯგუფმა სკრინინგი ბათუმის სამედიცინო ცენტრში და იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლში ჩაატარა, გამოკვლევით 150-მდე ქალმა ისარგებლა.
მობილური მამომობილის საშუალებით სკრინინგულმა მომსახურებამ ქალებს შესაძლებლობა მისცა, სამუშაო გარემოსთან ახლოს, დამატებითი გადაადგილების გარეშე ჩაეტარებინათ პრევენციული გამოკვლევები.
მამომობილის ვიზიტები, ასევე, დაგეგმილია ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს უფასო სკრინინგული კვლევებით.
სკრინინგ-აქციები იმართება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით.

გალერეა