აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში სამედიცინო პუნქტის ექთნების, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალს შეხვდა და პროგრამის განხორციელების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის მიზანია - აჭარის, როგორც ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონის, ტუბერკულოზისაგან თავისუფალ ,,კუნძულად“ ქცევა, რომელიც განხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით.

აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაგეგმილია რეგიონის მოსახლეობის უფასო გამოკვლევები:

ტუბერკულოზის, 
c ჰეპატიტისა და
აივ/შიდსის ინფექციაზე 
ასევე  ტუბერკულოზით დაავადებულთა  მკურნალობის გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ბენეფიციართა ზედამხედველობა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 18 შემთხვევის მენეჯერის მიერ. 

გლობალური ფონდის დაფინანსებით პროექტის განსახორციელებლად რეგიონს გადმოეცემა მობილური ლაბორატორია, ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო საშუალებები, სადიაგნოსტიკო ტესტები და სხვა სახარჯი მასალა.

მობილური ლაბორატორია რეგიონის სოციალურად დაუცველ მოწყვლად ჯგუფებში და სხვა ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვან ლოკაციებში უკვე ერთი თვეა ახორციელებს სკრინინგულ კვლევებსა და ექიმ-ფტიზიატრის კონსულტაციას.

გალერეა