აჭარის მუნიციპალიტეტებში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გაიმართა

აჭარის მუნიციპალიტეტებში - ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, სკრინინგის ფართომასშტაბიანი მორიგი კამპანია გაიმართა. კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, ასევე ტუბერკულოზის, B,C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის კვლევები.
სკრინინგის მიმდინარეობას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.
კამპანიის მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა, დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების განვითარების რისკს და ზრდის ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას.
გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში მოქალაქეებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ. ასევე, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება B,C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით.