28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

ცოფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან. 
ცოფისა და მასთან დაკავშირებული რისკების, ასევე ცხოველებთან ქცევისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებს ჯანდაცვის ცენტრის ექიმი რაბიოლოგი, რუსუდან ბიბილეიშვილი, ესაუბრა. 
ნაჩვენები იქნა თემატური დოკუმენტური ფილმი, რომლის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მოსწავლეებს დაურიგდათ ფლაერები ცოფის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის ან ცხოველისაგან მიყენებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების შედეგად ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართავს 50000-52000 დაზარალებული. აჭარაში 2017 წელს ანტირაბიული დახმარებისათვის მომართულ პაციენტთა რაოდენობამ 3344 მიაღწია, 2018 წლის 8 თვის განმავლობაში ანტირაბიული მომსახურება გაეწია 2563 პაციენტს.

ცოფი ვაქცინაციით მართვადი დაავადებაა. საქართველოში შემოტანილი ანტირაბიული ვაქცინები შემოწმებული და აპრობირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველა სათანადო პროცედურისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით და ნებადართულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ, რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, ამ მხრივ პრინციპული განსხვავება არ არსებობს.

აჭარის მოსახლეობას ანტირაბიულ მომსახურებას უწევს ბათუმის რესპუბლიკური – კლინიკური საავადმყოფოს, საზღვაო ჰოსპიტლის და მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე არსებული ანტირაბიული კაბინეტები, ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვებს – იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ანტირაბიული კაბინეტი.